22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა Campus Founder Discovery & Ideathon Sprint რომელიც გლობალური ვენჩურული აქსელერატორის 2080 Ventures-ის ორგანიზებითა და ჩართულობით განხორციელდა. იდეათონის ფარგლებში მონაწილეებმა ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ჩართულობით სტარტაპ იდეების შექმნასა და განვითარებაზე იმუშავეს.
იდეათონს წინ უძღოდა ონლაინ სესიების ეტაპი, რომლის მიზანიც მონაწილეებისთვის სტარტაპ ეკოსისტემის, მეწარმეობისა და იდეის განვითარების პროცესის გაცნობა იყო. სესიების ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა პრობლემის იდენტიფიცირება, იდეის ვალიდაცია, MVP-ს შექმნა, გუნდური მუშაობა და სტარტაპ აზროვნება.
ონლაინ სესიებში აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც კავკასიის უნივერსიტეტის, Axel-ის ანგელოზი ინვესტორები და წევრები, ასევე 2080 Ventures-ის საერთაშორისო მენტორები, რაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიეღოთ გამოცდილება, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სტარტაპების შექმნასა და განვითარებაზე საერთაშორისო დონეზე.
იდეათონის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც, რომელსაც 2080 Ventures-ისგან ფულადი პრიზი გადაეცა.
ასევე, ყველა მონაწილეს, რომელმაც სრულად გაიარა CU Founder Sprint-ის ორივე ეტაპი - ონლაინ სესიები და იდეათონი - პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კავკასიის უნივერსიტეტსა და 2080 Ventures-ს შორის. მემორანდუმი საფუძველს უყრის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ მეტი წვდომა საერთაშორისო მენტორებზე, სტარტაპ პროგრამებზე და გლობალურ ინოვაციურ ქსელებზე.
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის სტარტაპ ეკოსისტემის საერთაშორისო მიმართულებით გაძლიერებისა და ახალგაზრდა დამფუძნებლებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის გზაზე.
