17–19 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა აკაკი კაპანაძემ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებული უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების პროექტის GastroTour-ის „დაინტერესებულ მხარეთა საერთაშორისო სამუშაო და პროექტის მართვის შეხვედრა“-, რომელიც გაიმართა სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშში.
ღონისძიებას მასპინძლობდნენ სტელენბოშის უნივერსიტეტი და ქეიფ პენინსულას ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (CPUT). პროექტი მიზნად ისახავს ღვინისა და კულინარიული ტურიზმის სფეროში ინოვაციების, უნარების განვითარების და მდგრადობის ხელშეწყობას, ასევე ენო/გასტროტურიზმის სექტორში უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაღრმავებას.
პროგრამა მოიცავდა ექსპერტულ დისკუსიებს, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის ფორმატებს და სესიებს ტურიზმის განათლებისთვის ციფრული სასწავლო ინსტრუმენტების განვითარებაზე. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს CPUT-ის ველინგტონის კამპუსი და Creation Wines, სადაც პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ადგილობრივი ღვინის წარმოებისა და გასტროტურისტული პოტენციალის მაგალითებს.
ვიზიტმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თანამშრომლობა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის აკადემიურ ინსტიტუციებს შორის და კიდევ ერთხელ დაადასტურა კავკასიის უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობა მდგრადი ტურიზმის, ციფრული განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.
პროექტის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიებას ესწრებოდნენ კონსორციუმის პარტნიორები საქართველოდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://gastrotour.obreal.org/
