კავკასიის უნივერსიტეტმა, Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში (KA 171), მოიპოვა ევროკომისიის დაფინანსება ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლასთან, ბელგია, მობილობების განსახორციელებლად. აღნიშნული პროექტი კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, სრულად დაფინანსებული ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის მიზნით.
ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლა 2023 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორია. გარდა ამისა, კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლების საერთაშორისო ქსელის - NIBES-ის (Network of International Business and Economics Schools) წევრია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს წევრ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივ კვლევებსა და აკადემიური პროგრამების განვითარებას.
ICHEC ბრიუსელის მენეჯმენტის სკოლა წარმოადგენს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ბელგიაში, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს პრაქტიკაზე, კვლევასა და მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ICHEC არის პირველი ფრანგულენოვანი მენეჯმენტის სკოლაა ბელგიაში, რომელმაც მიიღო AACSB აკრედიტაცია.
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს NIBES-ის ქსელის ფარგლებში არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის გაძლიერების მიმართულებით.