9-10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სამეცნიერო კვირეული 2026 გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით - „ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“.
კონფერენცია Erasmus+ Jean Monnet Chair EU-PPS ფარგლებში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს აკადემიური გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
კონფერენციაში მოხსენებებით წარდგა 38 მკვლევარი ცხრა ქვეყნიდან: საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. მონაწილეებმა იმსჯელეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის - კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვასა და პირობითობაზე, გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე, განათლებისა და კვლევის როლზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ევროპულ ღირებულებებსა და იდენტობაზე, ასევე საქართველოს, მოლდოვისა და სომხეთის ევროპულ პერსპექტივებზე.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, Erasmus+ ეროვნული ოფისის დირექტორმა მარიამ სულაშვილმა და Jean Monnet Chair EU-PPS-ის კოორდინატორმა, პროფესორმა გურანდა ჭელიძემ. ასევე, მონაწილეებს მიესალმნენ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი თინათინ გიორგაძე და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი დავით წიკლაური.
კონფერენციის პლენარულ სესიებში მონაწილეობდნენ პროფესორი ოლესია პლოტნიკი (მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Jean Monnet Chair EU4JUST-RE კოორდინატორი), პროფესორი რადუ კარპი (ბუქარესტის უნივერსიტეტი) და პროფესორი გურანდა ჭელიძე (კავკასიის უნივერსიტეტი, Jean Monnet Chair EU-PPS კოორდინატორი). პლენარული მოხსენებები შეეხებოდა გაფართოების პროცესში სამართლებრივ ინოვაციებს, 2027 წლის ევროპულ არჩევნებს და 2022 წლის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას.
კონფერენციის მუშაობა პარალელურ სესიებში გაგრძელდა. მონაწილეებმა იმსჯელეს თემებზე: „სამართალი, პოლიტიკა და მმართველობა“ და „განათლება, საზოგადოება და კულტურა“. პროგრამა ასევე მოიცავდა უცხოელი მომხსენებლების მონაწილეობით გამართულ ონლაინ სესიასა და ქართულენოვან სესიას. კონფერენციის დასკვნით ეტაპზე სესიების მოდერატორებმა წარმოადგინეს განხილვების შეჯამება და ძირითადი საკითხები შეაჯამეს, მომხსენებლებსა და სესიების მოდერატორებს გადაეცათ მონაწილეობისა და მადლობის სერტიფიკატები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე მომზადებული სტატიები გამოქვეყნდება კავკასიის უნივერსიტეტის რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“, სპეციალურ გამოცემაში.
