თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულება კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (სან ბერნარდინო)

30 ივლისი 2025

26 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (სან ბერნარდინო), რაც უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 

ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან  ხელი მოაწერა  უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ, ხოლო პარტნიორი უნივერსიტეტის მხრიდან - კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა ტომას დევიდ მორალესმა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.

 

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები, დეკანები და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2023 წლიდან თანამშრომლობს, ხოლო ახალი შეთანხმება კიდევ უფრო გააფართოებს პარტნიორობის ფარგლებს. ის ბიზნესის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმისა და ეკონომიკის სკოლების სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პარტნიორ უნივერსიტეტში აკადემიური სემესტრი/წელი გაატარონ.

 

კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან ბერნარდინო (CSUSB)  ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი დაფუძნდა 1965 წელს და დღეს 20,000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს 70-ზე მეტ აკადემიურ პროგრამაზე.