2 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) დეკანმა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტებისა და სკოლების ქსელის (NISPAcee) ყოფილმა პრეზიდენტმა ეკა აკობიამ ონლაინ ფორმატში მონაწილეობა მიიღო საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სკოლების ეროვნული ასოციაციის (NASPAA) 2026 წლის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში.
მრგვალი მაგიდის დისკუსია, სახელწოდებით „ერთი სამყარო, მრავალი მნიშვნელობა: რას ნიშნავს გლობალიზებული NASPAA საჯარო მმართველობის განათლებისთვის?“, აერთიანებდა სხვადასხვა რეგიონის საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი იყო NASPAA-ს გლობალური იდენტობის განვითარების, საჯარო მმართველობის განათლების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა.
დისკუსია შეეხო საერთაშორისო პარტნიორობის, აკადემიური თანამშრომლობის, აკრედიტაციის სტანდარტებისა და საჯარო სამსახურის საერთო ღირებულებების როლს განსხვავებულ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ გარემოში საჯარო მმართველობის განათლების გაძლიერების პროცესში.
საკუთარ გამოსვლაში ეკა აკობიამ ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული უკუსვლის პირობებში საჯარო მმართველობის განათლების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო აკადემიური ქსელების, აკრედიტაციის მექანიზმებისა და ინსტიტუციური პარტნიორობის მნიშვნელობას აკადემიური ავტონომიის, განათლების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საქმეში. ამასთანავე, მან ისაუბრა NASPAA-სა და NISPAcee-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდასაჭერად, რომლებიც რთულ პოლიტიკურ გარემოში საქმიანობენ.
მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდნენ რატგერსის უნივერსიტეტის, ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის, ჩილეს კათოლიკური უნივერსიტეტის, ჩილეს უნივერსიტეტისა და NISPAcee-ს წარმომადგენლები. შეხვედრამ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები საჯარო მმართველობის განათლების სფეროში გლობალური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
ეკა აკობიას მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციაში ასახავს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ დიალოგში და მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის განათლების განვითარებას საერთაშორისო პროფესიული ქსელებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
