CTS-ის სტუდენტების გასვლითი ლექცია კახეთში

18 ივნისი 2025

14 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია კახეთის რეგიონში, სასწავლო კურსების – ეკოტურიზმი, აგროტურიზმი და ტურიზმის დაგეგმვა და ადგილის მენეჯმენტი – ფარგლებში.

 

სტუდენტებმა მოინახულეს კვეტერას ციხე, სადაც გაიარეს ინტერპრეტირებული მარშრუტი, რომელიც წინა წელს შემუშავდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ, ინტერპრეტაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. მარშრუტის გავლისას მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ლოკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობას.

 

ლექციის მეორე ნაწილი გაგრძელდა ლაგაზის ვაინერში, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ:

 

  • გაცნობოდნენ ტრადიციული ქართული მეღვინეობის პროცესებსა და მარანში სამუშაო პირობებს;
  • დაეთვალიერებინათ ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების საჩვენებელი ნაკვეთები;
  • დაეგემოვნებინათ ადგილობრივი სამზარეულოს ის ნიმუშები, რომლებიც ტრადიციულ ცოდნასა და კულინარიულ ინოვაციებს აერთიანებდა.

 

გასვლითი ლექცია სრულად დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებას რეალურ ტურისტულ ობიექტებზე, რეგიონული განვითარების კონტექსტში.