CU-ის აფილირებულ პროფესორს, ცისანა ბიბილეიშვილს, 80 წელი შეუსრულდა

9 იანვარი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორს, ქალბატონ ცისანა ბიბილეიშვილს 80 წელი შეუსრულდა. შთამბეჭდავი მოღვაწეობის გამო ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი არაერთი წოდების და ორდენის მფლობელი გამხდარა. 2017 წელს ქალბატონ ცისანას გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს სიგელი ქართული კულტურის კვლევასა და ხელნაწერთმცოდნეობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის; 2019 წელს გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია წლის საუკეთესო თარგმანისათვის; 2022 წელს კი ფრანგული კულტურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საფრანგეთის სახელმწიფოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო, „ხელოვნებისა და ლიტერატურის ოფიცრის  ორდენიც“ დაემატა.

 

აღნიშნული ჯილდო საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა დიეგო კოლასმა, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის 2022 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონიალზე მიანიჭა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის,  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის და თბილისში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლები, აგრეთვე კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული საპატიო დოქტორები: ბერნარ უტიე (საფრანგეთი), ფერნანდო ლეონ გარსია (მექსიკა), ტშიილიძი მარვალა (სამხრეთ აფრიკა), ასკარ აკაევი (ყირგიზეთი), ქართული საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

ქ-ნ ცისანა ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა ქართულსა და რუსულ   ენებზე. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო და 56 მხატვრული თარგმანი. მისი  ნაშრომები გამოირჩევა აკადემიზმითა და პროფესიული კეთილსინდისიერებით, დეტალების სკრუპულოზურად დამუშავებით.

 

ქ-ნ ცისანას გამოქვეყნებული აქვს 5 სხვადასხვა სახის ლექსიკონი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ქართულ-ფრანგული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი, რომელიც ეხმიანება მის საკვალიფიკაციო ნაშრომს. ამ ლექსიკონის ანალოგი მანამდე არ არსებობდა და მალე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა; არის ფრანგულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულის თანაავტორი და რედაქტორი. ქალბატონი ცისანა პარალელურად მთარგმნელობით საქმიანობასაც აგრძელებს.

 

სამეცნიერო თარგმანების გარდა  ნათარგმნი აქვს 60-მდე მხატვრული ნაწარმოები.  მათ შორის: სტეფან მალარმეს, ანდრე მორუას, ერვე ბაზენის, რომენ როლანის, პიერ დანინოსის,  მორის დრიუონის, ჟაკ პრევერის, ჟიულ ვერნის, პროსპერ მერიმეს, რომენ გარის, კატრინ ლოვეს, ელიზა შუა დიუსაპენის და სხვათა რომანები.

 

სამეცნიერო და მთარგმნელობით საქმიანობასთან ერთად, ცისანა ბიბილეიშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 2007 წლიდან დღემდე ფრანგულ ენას ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტში, არავისთვის იშურებს დროს და სხვისი წარმატების გულწრფელი გამზიარებელია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველგან წარჩინებული და სამაგალითოა, ქალბატონი ცისანა, უხმაუროდ ცხოვრობს, თავისი ყოველდღიური საქმიანობით საუკეთესო მაგალითს აძლევს მეგობრებს, კოლეგებსა თუ სტუდენტებს.  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  ქართულ - ფრანგულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობას ვუხდით მას გამორჩეული ადამიანური თვისებებისა და მეცნიერებისადმი უანგარო, თავდადებული სამსახურისთვის.

 

ვულოცავთ ქალბატონ ცისანა ბიბილეიშვილს იუბილეს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.