8-10 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, კახა შენგელია გამბიას ეწვია, სადაც ის გამბიის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, მის უმაღლესობა, ფატოუმატა ჯალოუ ტამბაჯანგს შეხვდა. კახა შენგელიამ შეხვედრები გამართა უმაღლესი განათლების კვლევის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთან (MoHERST) ბადარა ჯუფთან და გამბიის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერ, ეროვნული აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის პრეზიდენტთან, გამბიის ტექნიკური ტრენინგის ინსტიტუტის დირექტორთან, დასავლეთ აფრიკის ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, ღია უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერთან და „EUCLID-ის“ უნივერსიტეტის დირექტორთან.
კახა შენგელიამ გამბიის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის სამი წლის განმავლობაში იგი ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს აფრიკული ქვეყნების უმაღლესი განათლების შესაძლებლობების ოპტიმიზაციისათვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამბიისთვისაც. მან ხაზი გაუსვა ასოციაციის გლობალურ მისიას, რომლის მიზანიც აფრიკის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, აფრიკის უნივერსიტეტებში სრულყოფილი სწავლებისა და სწავლის შესაძლებლობების დანერგვა და ევროპისა და აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებისთვის ფეხის აწყობაა. ამიტომ იგი გამბიასა და სხვა სამიზნე ქვეყნებში თავის მისიად მიიჩნევს სისტემატიური კვლევების განხორციელებას უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ტრენიგებისა და განვითარების საჭიროებების დასადგენად. პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ გამბიის უმაღლესი განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით იგი გამოყოფს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გამბიელ ახალგაზრდებს კავკასიის უნივერსიტეტში (საქართველო) სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამ სტუდენტებს ასევე მიეცემათ სწავლის გაგრძელების საშუალება უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციასთან აფილირებულ სხვა უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კახა შენგელიამ გამბიის უმაღლესი განათლების კვლევის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრი საქართველოში და კერძოდ კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად მიიწვია.