კონფერენცია თემაზე - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობა

23 მაისი 2017

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა Winnet Goes East პროექტის კონფერენცია თემაზე - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობა.

 

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს პარლამენტის წევრმა, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და  პარლამენტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, მარიამ ჯაშმა. მან ისაუბრა გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმასა და მისი განხორციელების ეტაპებზე და ხაზი გაუსვა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას პოლოტიკასა და ეკონომიკაში.

 

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა შვედეთის საელჩოს განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, მოლი ლეინი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა შვედეთის გამოცდილება ქალთა გაძლიერების და თანასწორობის უზრუნველყოფისათვის  სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის შესახებ. ასევე გააცნო, შვედეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის  მიმართულებით.

 

აღნიშნული კონფერენცია გაიმართა „Winnet Goes East“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც შვედეთის ინსტიტუტი აფინანსებს. პროექტის მიზანია, საქართველოში კვლევითი  ცენტრის შექმნა, რომელიც განახორციელებს გენდერული საკითხების კვლევასა და ანალიზს და მიღებულ შედეგებს დააფუძნებს შესაბამისი პოლიტიკის განვითარებაში, სხვადასხვა მიმართულებით.

 

კონფერენციას ესწრებოდნენ, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები პოლონეთიდან, მოლდოვიდან, შვედეთიდან, ლიტვიდან, სომხეთიდან, ასევე საქართველოს მთავრობის,  აკადემიური, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.