იყო ქველმოქმედი დიდი საჩუქარია

24 დეკემბერი 2017

24 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის სკოლის მეორე კურსის სტუდენტებმა პროექტის პრეზენტაცია ჩაატარეს : "იყო ქველმოქმედი, ეს დიდი საჩუქარია." პროექტის  ფარგლებში მარიამ კაპანაძე, ლიზა ყარაშვილი, ნიკოლოზ ნოზაძე და გიორგი ჟორჟოლიანი, კომპანიების ჩართულობით, დაეხმარებიან ბერი ანდრიას სახელობის ფონდის წევრ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სოლიდური სიმსივნით დაავადებას.

 

პრეზენტაციაზე სტუდენტებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს პროექტის შექმნის მიზეზი და მიზნები, ასევე განიხილეს ფონდის პრობლემები და ის გზები, რომლითაც მათ ბერი ანდრიას ფონდის დახმარება დაიწყეს.

 

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განვითარდა ახალი აქტივობა - "12 ნაბიჯი“ - 12 კომპანიის დახმარებით ბერი ანდრისა სახელობის ფონდის წევრ ბავშვებს მიეწოდებათ კონკრეტული პროდუქტები 1 წლის განმავლობაში.

 

მუშაობის პროცესში სტუდენტებმა შეძლეს მოეძებნათ კომპანია, რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხით დაეხმარება ფონდს.

 

"IZDF" იდეების განხორციელების ამერიკული ორგნაზიცია, საქართველოში ქეთევან გეჯაძის ხელმძღვანელობით იწყებს მუშაობას. პროექტის გუნდის წევრებმა უკვე გააკეთეს განაცხადი ორგანიზაციაში, რის შემდეგაც იწყება 6-დან 12 თვემდე სამუშაო პროცესი, ამ დროის განმავლობაში თანხა გამოიყოფა,  რის შემდეგაც  განაცხადის საფუძველზე ფონდს გადაეცემა 30 000$.

 

24 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე, ბერი ანდრიას სახელობის ფონდის წევრების ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, შემოსული თანხა კი გადაირიცხა ფონდის საბანკო ანგარიშზე.

 

პროექტის - "იყო ქველმოქმედი, ეს დიდი საჩუქარია" ფარგლებში სტუდენტთა გუნდი აგრძელებს მუშაობას, 2018 წლის განმავლობაში კიდევ მრავალი აქტივობა იგეგმება.