ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” საქართველოში

5 სექტემბერი 2022

5 სექტემბერს, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი” დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

EIA პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

 

აღნიშნულ პროგრამაში წელს ასამდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას, რომელთაგანაც 22 კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტია.

 

სასწავლო პროგრამას უძღვებიან კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. 2022 წლის სექტემბერში, პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ტარდება.

 

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი  ეგრეთ წოდებული „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული კაპიტალისტები სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

 

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება  წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.