ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) გენერალური ასამბლეა

12 აპრილი 2025

10-11 აპრილს რიგაში, ლატვიის უნივერსიტეტის მასპინძლობით, გაიმართა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა და ყოველწლიური კონფერენცია.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სახელით გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ირენა მელუამ, ხოლო კონფერენციას მასთან ერთად დაესწრო ქეთევან კარბაია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი.

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები და სემინარები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები და სხვა აქტუალური თემები.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია ყველაზე მასშტაბური საუნივერსიტეტო გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს 850-ზე მეტ უნივერსიტეტსა და 49 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლისგან შემდგარ რექტორთა ეროვნულ კონფერენციას.

 

EUA უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარებას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების მიმართულებით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალურ და ინსტიტუციურ განვითარების პროექტებს.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, როგორც EUA-ს ინდივიდუალური სრული წევრი, აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ქსელების გაძლიერებას.

 

აღსანიშნავია, რომ ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტებში, კერძოდ, სტოქჰოლმის ეკონომიკის სკოლაში (რიგის კამპუსი), სადაც შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორ ანდერს პაალზოვთან (Anders Paalzow) და საერთაშორისო პროგრამების მენეჯერ მარინა ტროსკოვასთან (Marina Troškova). შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა გაიმართა რისებას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისთვის გაცვლითი შესაძლებლობების შექმნა, აგრეთვე ერთობლივი მოკლევადიანი პროექტების განხორციელება.