22 მაისს, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგები, ერეკლე იმედაშვილი და ნანა ხარაბაძე სკოლა „აიბი მთიების“ მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ფსიქოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სტრესზე, სტრესის გამომწვევ მიზეზებსა და მისი დაძლევის გზებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში და მოსწავლეების მხრიდან მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპულ კვირეულს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS + CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის (საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების) ოფიციალური დოკუმენტების შემუშავება, რათა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და ყურადღება გამახვილდეს ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.