ევროპის ინოვაციების აკადემიის “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკი”-ს დასკვნითი შეხვედრა

10 სექტემბერი 2022

9 სექტემბერს, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) “ინოვაციისა და ლიდერობის ბანაკის” ფარგლებში, ბოლო, რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა, რომელიც 5 დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

EIA პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს ჰქონდათ უნიკალურ შესაძლებლობა, ემუშავათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან შემდგარ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეეძინათ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შემდგომში დაეხმარება მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში.

 

აღნიშნულ პროგრამაში წელს ასამდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგანაც 22 კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

 

სასწავლო პროგრამას უძღვებოდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 

ევროპის ინოვაციების აკადემია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვა კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტთან, აშშ-ის ბაზარზე წვდომის ცენტრთან (USMAC) და Startup Connect-თან პარტნიორობით ჩატარდა.

 

აღნიშნული პროგრამის ჩატარება მომავალ წელსაც არის გათვალისწინებული და 2023 წლის ზაფხულში, EIA გეგმავს წამოიწყოს განახლებული, ორ კვირიანი პროგრამა სამასი (300) სტუდენტისთვის საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 2023 წლის პროგრამაში ჩართული იქნება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ფაკულტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, Google-ი, Facebook-ი, nVidia, ასევე, მრავალი  ეგრეთ წოდებული „ენჯელ ინვესტორები“ და ვენჩურული კაპიტალისტები სილიკონის ველიდან და ევროპიდან. მომდევნო წლებში, EIA გეგმავს გაზარდოს სტუდენტების რიცხვი ხუთასამდე (500).

 

EIA პროგრამა დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას და სისტემატური ტრენინგებისა და პრაქტიკული სამეწარმეო განათლების სისტემის გაუმჯობესებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას. EIA პროგრამის დაარსება და მისი განხორციელება  წამყვან საერთაშორისო ბიზნეს კომპანიებთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას სამეწარმეო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ საქართველოში, კერძოდ, ბათუმში.