12-18 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, აშშ. ვიზიტი გაიმართა კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისში, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, რიჩმონდის უნივერსიტეტსა და უილიამ და მერის უნივერსიტეტში, ვირჯინიაში. შეხვედრების მიზანი იყო აღნიშნული უნივერსიტეტების ინოვაციების და მეწარმეობის ეკოსისტემის, პროგრამების და არსებული პროექტების გაცნობა და ქართველი კოლეგებისთვის ცოდნის გაზიარება. შეხვედრები გაიმართა, ასევე, ჰელსიონის ინკუბატორსა და კულინარიული მედიცინის ინოვაციურ ცენტრში. ვიზიტის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინტერაქციულ სესიებში, რათა გამოცდილ მენტორებთან ერთად ემსჯელათ და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები ინდუსტრიასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით.
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კახა შენგელია, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტი , ირენა მელუა, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი - გიორგი ბურდული, პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი - აკაკი კაპანაძე, და ცენტრის მენეჯერი - ირაკლი სვანიძე.
პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ“ ძირითადი მიზანი უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან მათი კავშირის გაძლიერებაა. პროექტის მონაწილე ქართული უნივერსიტეტები – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტი (CU) პროექტის ფარგლებში განავითარებენ ინოვაციებისა და მეწარმეობის შესაძლებლობებს ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის გამოცდილებით, საუნივერსიტეტო რესურსების გამოყენებით, სტრატეგიული მიზნების განახლებითა და დამსაქმებლებთან არსებული ქსელის განვითარების მეშვეობით.
პროექტი ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.