3 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა შრი-ლანკის ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯთან (Horizon College of Business and Technology, HCBT) ურთიერთთანამშრომლობის მემორმანდუმი გააფორმა.
დელეგაციას კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბუბა ლეჟავამ, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა, ელენე ჯღარკავამ, ასევე კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა, შოთა ნიჟარაძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორმა, ირენა მელუამ უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნესის პროგრამების მიმართულებებით. სამომავლოდ დაგეგმეს თანამშრომლობა ორმაგი ხარისხის პროგრამების განვითარების კუთხით. გამოხატეს საერთაშორისო პროექტების ერთობლივად განხორციელების სურვილი.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტსა და შრი-ლანკას ბიზნესისა და ტექნოლოგიების კოლეჯს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანია, სტუდენტთა და ლექტორთა გაცვლითი პროგრამების, ასევე კვლევითი პროექტების განხორციელება.