ისტორიის მესამე კონკურსის დაჯილდოების ფინალური ცერემონიალი

27 ივლისი 2022

23 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ისტორიის სასკოლო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორი იყო „სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი“ (DVV International). კონკურსი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის პატრონაჟით, საერთაშორისო ქსელის - EUSTORY - ფარგლებში, და მასში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის არაერთმა მოსწავლემ და მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა.

 

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და საქართველოში გერმანიის საელჩოს პირველი მდივანი, პრესისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სარა ზიელონკა. კონკურსის გამარჯვებულებს ასევე სიტყვით მიმართეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს DVV International-ის, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. 

 

კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა დავით ნატროშვილმა, უნივერსიტეტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ალინა პოლოიანს, რომლის ნაშრომი, კონკურსის მსვლელობის დროს, კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ფავორიტად იქნა დასახელებული. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო ჟიურის მუშაობაში კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით თინიკაშვილი იღებდა მონაწილეობას.

 

აღნიშნული კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა და მომავალში კვლავ გაგრძელდება. კონკურსის წლევანდელი თემა იყო „30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან“.