უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში

17 ივნისი 2025

11-13 ივნისს, იოჰანესბურგის უნივერსიტეტმა (UJ) უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) ნახევარწლიურ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც უმაღლესი განათლების გლობალურმა ლიდერებმა განიხილეს უნივერსიტეტების სამომავლო როლი და მნიშვნელობა.   

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი  კახა შენგელია.

 

ღონისძიების მასპინძელი იყო იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი და რექტორი, პროფესორი ლეთლჰოკვა ჯორჯ მპედი. შეხვედრის მთავარი თემა იყო „გავლენა, ინოვაცია, ინკლუზიურობა და კეთილსინდისიერება: მომავლის უნივერსიტეტის შექმნა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების პრეზიდენტებმა და ვიცე-კანცლერებმა გაცვალეს იდეები, განიხილეს საერთო სტრატეგიები და შესაძლებლობები, რომელიც მიზნად ისახავდა უნივერსიტეტების გაძლიერებას.

 

სამდღიანი პროგრამა მოიცავდა IAUP-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, პანელურ დისკუსიებს, პროფესიულ ქსელურ აქტივობებს, კულტურულ ექსკურსიებსა და სადღესასწაულო ვახშამს, რომელიც გლობალურ აკადემიურ ერთობას ეძღვნებოდა.

 

კონფერენციის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილი იყო ახალგაზრდების პოტენციალის წარმოჩენა. იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც სტარტაპების დამფუძნებლები არიან, შეირჩნენ ჩინეთში გასამგზავრებლად, სადაც ისინი თანამოაზრე ახალგაზრდებს შეხვდებიან, განავითარებენ თავიანთ ბიზნესს და მოიძიებენ ახალ ინვესტიციებს. აღნიშნული ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ როგორი ხელშესახები შედეგები შეიძლება მოჰყვეს გლობალურ თანამშრომლობასა და სტუდენტების როლის გაძლიერებას.