კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება ისრაელის მოქალაქე სტუდენტების დაჩქარებული პროცედურებით მობილობას

23 მარტი 2022

23 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ისრაელის დელეგაცია ესტუმრა. მათ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს და განიხილეს დეტალები ისრაელის მოქალაქე იმ სტუდენტების დაჩქარებული პროცედურებით მობილობის შესახებ, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში.

 

აღნიშნული პროექტი ხორციელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის - მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება და მობილობის მსურველ სტუდენტებს უცხადებს სრულ მხარდაჭერას. რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს შესაბამისი განათლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება შესაბამის აკადემიურ გარემოში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის დელეგაციის მხრიდან: ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი - ნისიმ ბენ შიტრიტი, Darawsha Group-ის აღმასრულებელი დირექტორი (ისრაელის კონსულტაცია საზღვარგარეთ აკადემიური კვლევებისთვის) - ნიზარ დარაუშა და Darawsha Group-ის დირექტორი - ანან დარაუშა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან: საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ირენა მელუა, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი - გიორგი მახარაშვილი, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი - ნინი ჩალაბაშვილი, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი - ზვიად კირტავა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ქეთი კარბაია.

 

ვიზიტის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სტუმრებს კამპუსი დაათვალიერებინა.

 

სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მობილობით და სურთ საქართველოში სწავლის გაგრძელება, უნდა მიმართონ საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გამოხატონ თავიანთი სურვილი სწავლის გაგრძელების თაობაზე.