კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

11 ოქტომბერი 2024

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, 10 ოქტომბერს გაიმართა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები". სამდღიან კონფერენციაში 200-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ წარადგინა მოხსენება "სოციალური დაზღვევის ისტორიული წინამძღვრები საქართველოში".

 

იხილეთ კონფერენციის პროგრამის ბმული.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების ახალი სისტემის შექმნისას არჩევანი შეჩერდა სოციალური დაზღვევის მოდელზე. 1995 წელს დაინერგა ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა (ბისმარკის მოდელი). ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მოდელის არჩევით საქართველო მიყვებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. ევროპის რეგიონის 28 ქვეყნიდან 22-მა დანერგა ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა.

 

აღსანიშნავია, რომ 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დროს შემოღებულ იქნა სოციალური დაზღვევის სისტემა, რომელიც იმ დროისათვის ევროპის მხოლოდ რამდენიმე მოწინავე ქვეყანას გააჩნდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს იმ პერიოდში ჰქონდა არამარტო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც მაქსიმალურად იყო დაცული მოქალაქეთა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებები უფლებები, ასევე გააჩნდა სოციალური დაზღვევის პროგრესული სისტემა. 1990-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებისას თითქმის 75 წელზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ სოციალური დაზღვევის სისტემის შემოღებით საქართველომ აღადგინა განვითარების გაწყვეტილი ხაზი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი.