26-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ამერიკის ქეინის უნივერსიტეტის (Kean University, ნიუ-ჯერსი, აშშ) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ახალი ექსკლუზიური პროგრამების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც კავკასიის უნივერსიტეტისა და ქეინის უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობების გაცნობა იყო.
ღონისძიება გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ.
ასევე, სიტყვით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე: დევიდ ბერდსელი, Ph.D. - ქეინის პროვოსტი და აკადემიურ საკითხებში უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. დევიდი არის ამერიკული მედიის ცნობილი ექსპერტი და აშშ-ის საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის წევრი. ასევე, ქეით გალაჰერი - უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტუდენტური გამოცდილების მიმართულებით, რომელიც ხელმძღვანელობს სტიპენდიების, ფინანსური დახმარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებს.
შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ ქეინის უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ერთობლივი პროგრამების შექმნისა და განვითარების შესახებ. გაეცვნენ ამერიკაში სწავლის, სტუდენტური ცხოვრების, ფინანსური მხარდაჭერისა და საერთაშორისო კარიერის შესაძლებლობებს.
კავკასიის უნივერსიტეტისა და ქეინის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სამწლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამებზე ისწავლონ, მიიღონ ქართული და ამერიკული განათლება და ორი დიპლომი მოიპოვონ. პროგრამების ფარგლებში სტუდენტები პირველ ორ წელს კავკასიის უნივერსიტეტში ატარებენ, მესამე წელს კი სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქეინის უნივერსიტეტის კამპუსში აგრძელებენ.
უნივერსიტეტები ამ ეტაპზე ხუთ ერთობლივ პროგრამას ახორციელებენ: ბიზნეს ანალიტიკა და მონაცემთა მეცნიერება; კიბერუსაფრთხოება; მედია ხელოვნება; საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა; ფსიქოლოგია.
აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნონ ამერიკულ აკადემიურ გარემოს და შექმნან მყარი საფუძველი საერთაშორისო კარიერისთვის.
ქეინი ნიუ-ჯერსის წამყვანი საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც მაღალი ხარისხის განათლებაზეა ორიენტირებული. 2025 წელს ქეინმა R2 კვლევითი უნივერსიტეტის სტატუსი მოიპოვა. ეს სტატუსი აშშ-ში მაღალი კვლევითი აქტივობის მქონე უნივერსიტეტებს ენიჭებათ. უნივერსიტეტს რამდენიმე კამპუსი აქვს, მათ შორის ახლად შექმნილი Kean Jersey City, ასევე კვლევითი პარტნიორობები ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში.
