კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში

6 აგვისტო 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ამილახვარი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრი, რიმა ბერაძე, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი, საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისი და მოწვეული სტუმრები ამერიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და საბერძნეთიდან.

ღონისძიების ფარგლებში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ ფილოლოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, მზექალა შანიძეს, ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, სიუ ჰენდერსონს,  ქეჯის ბიზნესის სკოლის ვიცე პრეზიდენტს განვითარების მიმართულებით, სანტიაგო გარსიას, ევროპის საჯარო სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, სპირიდონ ფლოგაიტისს.

 

კურსდამთავრებულებს სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის ელჩებმა და სკოლების დეკანებმა მიმართეს. მათ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

 

ღონისძიება სახელმწიფოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.

 

დიპლომების გადაცემის ცერემონიალი ტრადიციულად ქუდების აყრით და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.