კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ლევან დარბაიძე იტალიაში საერთაშორისო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა

6 ნოემბერი 2026

26–28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორი, ბავშვის უფლებების ცენტრის დამფუძნებელი, ევროპის საბჭოს არასრულწლოვანთა და ოჯახის მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMJF) საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან დარბაძე იტალიის ქალაქ ტურინში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი ლევან დარბაიძე ეწვია ტურინის სააპელაციო სასამართლოს, სადაც შეხვედრები გაიმართა განყოფილების პრეზიდენტ რობერტა კოლიდასთან, არასრულწლოვანთა სასამართლოს პრეზიდენტ კარმენ რიტა მეკასა და არასრულწლოვანთა პროკურორ ემა ავეძუსთან.

 

შეხვედრების ძირითადი თემები იყო ბავშვთა და მოზარდთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თავისებურებები და სასამართლო ორგანოებსა და ბავშვთა დაცვის სამსახურებს შორის კოორდინაციის იტალიური გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნების უფლებების დაცვას, სისხლის სამართლის პროცესში მათი ინტერესების გათვალისწინებასა და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკას.

 

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სასამართლო პროცესებს და უშუალოდ გაცნობოდნენ იტალიის მართლმსაჯულების სისტემის პრაქტიკულ საქმიანობას. სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავდა ტურინის არასრულწლოვანთა სასამართლოსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ცენტრის (Centro per la Giustizia Minorile) მონახულებას, სადაც განხილულ იქნა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და სოციალური სამსახურების ჩართულობის საკითხები.

 

ვიზიტმა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომების გაცნობისა და ამ მიმართულებით პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებისათვის.