26 აპრილს, ვილნიუსის უნივერსიტეტში, შედგა მესამე ღონისძიება პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ (ავტორი - მარიამ მანჯგალაძე) ფარგლებში.
ქართული კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასზე დასასწრებად 60-მდე ლიეტუველი სტუდენტი და პროფესორი მოვიდა. ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის ფაკულტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ (Roma Kriaučiūnienė) აუდიტორიას გააცნო პროექტის ისტორია და კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ღირებული გამოცდილება; ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - გინტარე იუჟენტიტე-შინკუნიენემ (GintarėJudžentytė-Šinkūnienė) ისაუბრა სხვადასხვა კულტურის სიღრმისეულად შესწავლის მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ კალიგრაფია არის ერთ-ერთი გამორჩეული ხიდი ქართული კულტურის შესწავლის თვალსაზრისით.
პროფესორმა მარიამ მანჯგალაძემ გამოხატა მადლიერება ქართული ენისა და კულტურის მიმართ განსაკუთრებული ინტერესისათვის და სთხოვა აუდიტორიას, მოერგოთ საუკეთესო კალიგრაფთა როლი უნიკალური ნამუშევრების შესაქმნელად.
ქართული კალიგრაფიის ხელოვნების მასტერკლასს გაუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის მხარდამჭერი - საუკეთესო პროფესიული გამოცდილების მქონე „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ დირექტორი ნესტან ბაგაური. მან ისაუბრა ქართული კალიგრაფიული სკოლის ისტორიასა და ხელწერაზე. სტუდენტები პირველად ეზიარნენ კალმისა და მელნის სამყაროს: მათ ტრადიციულ კალმისტარს მოარგეს „ვეფხისტყაოსნის“ მხედრულისათვის შესაფერისი კალმის წვერი და მელნით პირველად მოხაზეს ასოები ქაღალდზე... მათ შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევარი - „თავისუფლება“... სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისათვის, რადგან ის ინახავს თავისუფალი ხაზების ძიებისა და აღმოჩენის თექვსმეტსაუკუნოვან ისტორიას. მასტერკლასის მონაწილეებს რეკომენდაციებს აძლევდა გამორჩეული ხელწერის მქონე ახალგაზრდა კალიგრაფი - ანა გოქაძე.
შეიქმნა ულამაზესი ნიმუშები, რომლებიც გამოიფინება ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
სიმბოლურია, რომ კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა კრისტიონას დონელაიტისის სახელობის აუდიტორიაში (Kristijonas Donelaitis) - მწერლისა, რომელმაც შექმნა პირველი ლიეტუვური ლიტერატურული ნაწარმოები.
პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ორგანიზატორები არიან:
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- ვილნიუსის უნივერსიტეტი.
მხარდამჭერები:
- ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში;
- ლიეტუვის მწერალთა კავშირი;
- საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია;
- გამომცემლობა „ინტელექტი“.
