ერასმუს+ ჟან მონეს კათედრაზე „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (EU-PPS) 2025 წლის 7, 8 და 10 აპრილს კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორებისათვის ჩაატარდა ტრენინგები თემაზე “საგანმანათლებლო პროგრამების ევროპეიზაცია”.
ტრენინგებს, სპეციალურად შემუშავებული მოდულისა და დღის წესრიგის შესაბამისად, უძღვებოდა კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე.
ტრენინგზე განხილული იქნა ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკა, ევროპული თანამეგობრობისა და ევროკავშირის ინსტიტუტების როლი და გავლენა განათლების სისტემის ფორმირებასა და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემების განვითარებაზე; წარმატებული პროექტების მაგალითზე გაანალიზდა თუ როგორ უწყობს ხელს ევროპეიზაცია განათლებაში სწავლების, კვლევებისა და ინოვაციების განვითარებას, მეტ ინტეგრაციასა და თანამშრომლობას ევროპის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან. იმსჯელეს ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებზეც.
ტრენინგის მონაწილეებს, ინტერაქტიულ რეჟიმში, ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ტრენინგში მონაწილეობდა კავკასიის უნივერსიტეტის ოცდაორი თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი შეხვედრა ჩატარდა EU PPS კათედრისა და კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლობით.