7 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეულის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 7-11 მაისს, 20-ზე მეტ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მასპინძლობს ევროპის 15-მდე პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის - კახა შენგელიასა და ვიცე-პრეზიდენტის ირენა მელუას სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.
აგრეთვე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და მოქმედი სასწავლო პროგრამების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საერთაშორისო კვირეული მოიცავს, როგორც სესიებს ინოვაციებისა და მეწარმეობის, უმაღლეს საგანმანათლებლო სექტორში ინტერნაციონალიზაციის, საერთაშორისო პროექტების, ერთობლივი შესაძლებლობებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, ასევე რელევანტურ ფაკულტეტებთან გათვალისწინებულ სალექციო საათებს პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამაში და ეროვნული სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განხორციელებული მობილობებითა და დაფინანსებული პროექტების მიხედვით.