23 დეკემბერს, CU-ის მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრის მიერ პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: "იდეიდან-გამარჯვებამდე".
შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა, რომლებიც CU-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან, ისაუბრეს ანტრეპრენერულ გამოცდილებებზე და იმ გზაზე, რომელიც დაეხმარათ საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო კონკურსში გამარჯვებაში.
ღონისძიების მოდერატორი იყო ირაკლი სვანიძე - კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი.
მოწვეული სპიკერები:
გიორგი ბედოშვილი- ხელმისაწვდომი და მწვანე ელექტრო ენერგიის მიწოდების სერვის კომპანია Better Energy Solution-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
მარიამ ცანავა- VELI.store-ის ბრენდის ხელმძღვანელი; სტარტაპ upway-ის თანადამფუძნებელი.
გიორგი რაზმაძე- Awork-ის დამფუძნებელი.
ნიკა პავლიაშვილი- Colis-ის თანადამფუძნებელი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებსა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის რვა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.