13-17 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: პაულინა რუტეკას კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, პოლონეთი და პედრო ტორესს კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტიდან, პორტუგალია უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ლექტორებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
აღნიშნულ პროფესორებს ასევე უმასპინძლა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლამ და ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სალექციო საათები და მასტერკლასები კავკასიის უნივერსიტეტის ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისათვის.
კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი და კაშტელო ბრანკოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორები არიან. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.