3 ნოემბერს, კავკასიის მედიის სკოლას ეწვია დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მედიის სკოლის (Technische Universität Darmstadt, Mediencampus Dieburg) ვირტუალური და გაფართოებული რეალობის პროფესორი, დოქტორი პოლ გრიმი.
სტუმარმა CSM-ის ციფრული კომუნიკაციისა და მედია არტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ვირტუალური და გაფართოებული რეალობა და კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაცია“. ლექციაზე განხილული იყო ვირტუალური და გაფართოებული რეალობის გამოყენება მედია ინდუსტრიაში და მისი შესაძლებლობები კულტურული მემკვიდრეობის დიგიტალიზაციის პროცესში.
პროფესორ პოლ გრიმის შესახებ:
პოლ გრიმმა განათლება დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო კომპიუტერული მეცნიერებებისა და ფიზიკის მიმართულებით. 2013–2016 წლებში დეკანის და კომპიუტერული გრაფიკის პროფესორის თანამდებობას იკავებდა ფულდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.1997–1998 წლებში, მოწვეული მკვლევარის სტატუსით მუშაობდა შეერთებული შტატების სუპერკომპიუტერული აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში, შემდეგ, 2009–2010 წლებში, მერსედეს ბენცის ჯგუფის შვილობილ ორგანიზაციაში - Daimler Protics GmbH-ში, რომელიც ციფრული რეალობის, 3D პროდუქტების და ვირტუალური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობს.
პროფ. გრიმის კვლევითი ფოკუსია ვირტუალური და გაფართოებული რეალობის შექმნის პროცესის გამარტივება. ამ მიმართულებით მას არაერთ ეროვნულ და საერთაშორისო კვლევით პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.
