საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სვანეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში დემო დღე გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა პროგრამის განმავლობაში მათ მიერ განვითარებული ინოვაციური ბიზნეს იდეები ჟიურის წინაშე წარადგინეს. დემო დღეზე საკუთარი იდეა ექვსმა სტარტაპ გუნდმა წარადგინა, რომლებმაც 4 კვირის განმავლობაში მენტორების მხარდაჭერით იმუშავეს იდეების დახვეწაზე, ბიზნეს მოდელის განვითარებასა და ბაზარზე გასვლის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.
დემო დღის ფარგლებში, მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:
- სალომე გარდავა - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი
- ლევან მერებაშვილი - SAIT - ის დამფუძნებელი და CEO, GITA - ს 150 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
- ელენე ჯაფარიძე - Lango - ს დამფუძნებელი და GITA - ს სვანეთის 25 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული
დასკვნით ეტაპზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - STEM GO.
აღნიშნული გუნდი გახდა კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარი, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, იდეის განვითარების მომდევნო ეტაპებზეც ისარგებლონ ცენტრის მუდმივი მხარდაჭერით. საჭიროების შესაბამისად, გუნდი მიიღებს მენტორინგს, კონსულტაციებს და სხვა რესურსებზე წვდომას, რაც ხელს შეუწყობს მათი სტარტაპის წარმატებულ განვითარებას.
დემო დღის გამარჯვებულ გუნდს კოლეჯმა „თეთნულდმა“ გადასცა სამუშაო სივრცით სარგებლობის შესაძლებლობა და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც მხარი დაუჭიროს გუნდის განვითარებას საჭირო რესურსებისა და მხარდაჭერის შეთავაზებით.
პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს რეგიონებში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი ინოვატორებისა და დამწყები მეწარმეების გაძლიერებას, მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და მენტორული მხარდაჭერის მიწოდებას, რათა შეძლონ საკუთარი იდეების სიცოცხლისუნარიან ბიზნესად გარდაქმნა და წარმატებით ჩაერთონ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში.
პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.
