ბექა ჭანტურიას წიგნის "სუბიექტურად ჯანმრთელი" პრეზენტაცია CU კამპუსში

3 ივნისი 2021

 

2 ივნისს, CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულის, ბექა ჭანტურიას წიგნის "სუბიექტურად ჯანმრთელი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე ავტორმა და გამომცემელმა წიგნის შესახებ ისაუბრეს. 

 

წიგნის პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ.

 

ბექა ჭანტურია დებიუტანტი ავტორია, ავტობიოგრაფიული რომანი ნეიროფიბრომატოზის დიაგნოზის მატარებელი ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. 

 

ბექას მიზანია, დაგვანახოს, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, რომ ყოველი გათენებული დღე ახალი შანსია, რომ სანამ სუნთქავ, მანამდე შეგიძლია არა უბრალოდ იცოცხლო, არამედ ბედნიერად იცხოვრო, ისწავლო, კარიერა შეიქმნა, წარმატების მწვერვალს მიაღწიო, იმოგზაურო, იმეგობრო, იცინო, სიხარულით სავსე დღეები გაატარო. 

  

ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, სტუდენტები, ავტორის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები.

 

აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა რომანი ადგილზე შეეძინა. პრეზენტაციის ბოლოს, ავტორმა ავტოგრაფები გასცა.

 

წიგნი გამოსცა გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში".

 

ავტობიოგრაფიული რომანი კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში - „ლიბრარეა“ და წიგნის მაღაზიათა ქსელში „ბიბლუსი“ გაიყიდება.