12 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარების“ პირველი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, მოსამართლე ლევან დარბაიძის ხელმძღვანელობით შექმნილი პროექტის ფარგლებში, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა, პირველად საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები, რომელიც, საგანმანათლებლო და პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებს და ბავშვის უფლებებით დაინტერესებულ ნებისმიერ სხვა პირს.
გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები, რომელშიც განხილულია:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული საერთაშორისო კანონმდებლობის ანალიზი (ბავშვის უფლებათა კონვენცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მინიმალური სტანდარტული წესები, ე.წ. „პეკინური წესები“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პრინციპები, ე.წ. „რიადის პრინციპები“);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების და საერთო სასამართლოების განაჩენთა ანალიზი;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მუხლობრივი კომენტარი
პროექტის ორიგინალურობა გამოიხატება იმაში, რომ თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთშეჯერებით, პირველად, საქართველოს სამეცნიერო სივრცეში, შემუშავდა ფუნდამენტური ნაშრომი უშუალოდ მოსამართლეების მიერ, სადაც ყველა უფლებრივ თუ პროცესუალურ საკითხზე დეტალური კომენტარია მოცემული. პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ მას საერთაშორისო კონსულტირება გაუწია ავსტრიელმა მოსამართლემ სიერა ლეონეს სპეციალურ სასამართლოში, ექსპერტმა საოჯახო სამართლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემებისა და ქალთა მართლმსაჯულების საკითხებში, ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის (IDE) დამფუძნებელმა წევრმა, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ - რენატე ვინტერმა, რომელიც იმავდროულად ნაშრომის ერთ-ერთი ავტორია. კომენტარების შექმნაში ასევე ჩართულნი იყვნენ პროექტის ქართველი მოსამართლე ავტორები - პროფესორი ლევან დარბაიძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე.
ნაშრომი, როგორც ძირითადი ლიტერატურა, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი გახდება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელთა რაოდენობა საქართველოში 10000-ზე მეტია და რომელთათვისაც „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“ ერთ-ერთ სასწავლო საგანს წარმოადგენს. კომენტარები ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ სპეციალიზირებულ პირებს - პოლიციელებს, გამომძიებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ბავშვების მშობლებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს და ა.შ., რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბავშვებთან და დაინტერესებულნი არიან ამ სფეროში დადგენილი სხვადასხვა სამართლებრივი საკითხით.
