პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორიის გახსნა

22 ნოემბერი 2019

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.კახა შენგელიამ აუდიტორიას სიტყვით მიმართა და პროფესორ მზია მიქელაძის შესახებ ისაუბრა. სიტყვით წარსდგნენ სხვა სტუმრებიც, რომლებმაც მზია მიქელაძის მოღვაწეობასა და პროფესიულ მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

პროფესორი მზია მიქელაძე კავკასიის უნივერსიტეტის და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და სკოლის პირველი დეკანი იყო.

 

მისი წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის დაარსებისა და განვითარების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თაოსნობით, კავკასიის ბიზნესის სკოლაში, თანამედროვე პედაგოგიური და კვლევითი მიდგომები დაინერგა, ასევე განხორციელდა არაერთი ინოვაცია, მათ შორის კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დაარსება - უმთავრესია.

 

პროფესორი მზია მიქელაძე საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სხვადასხვა პროფესიული გაერთიანების წევრი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელება, მათ შორის მსოფლიო ბანკის ინიციატივით შექმნილი, საერთაშორისო ეკონომიკური სკოლის (ISET) დაარსება.

 

მზია მიქელაძის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.