კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო უნივერსიტეტის (RMIT University) ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა სკოლის საპატიო პროფესორად აირჩიეს.
უნივერსიტეტის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს საპატიო სტატუსი პროფესორ ვერულავას მიენიჭა ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროში მისი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევებისა და წვლილისთვის.
RMIT უნივერსიტეტი ერთერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დაარსდა 1887 წელს. მისი საგანმანათლებლო საქმიანობის აღიარების ნიშნად უნივერსიტეტს მიენიჭა დედოფალ ელიზაბეტ II ის სამეფო მფარველობა ერთა თანამეგობრობისთვის (The Commonwealth of Nations) გაწეული საგანმანათლებლო სამსახურისთვის.
აღნიშნული თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის კავკასიის უნივერსიტეტსა და RMIT უნივერსიტეტს შორის აკადემიური და კვლევითი პარტნიორობის გასაძლიერებლად. ეს ხელს შეუწყობს ერთობლივ კვლევებს, გამოცდილების გაზიარებასა და ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებათა მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განვითარებას.