პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას ახალი სტატია ჟურნალ Wirtschaftsdienst-ში გამოქვეყნდა

23 ოქტომბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორ ვახტანგ ფარცვანიას ახალი სტატია გამოქვეყნდა გერმანულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ჟურნალ Wirtschaftsdienst-ში, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის მონაცემთა ბაზაში (SCImago Q3) და ძირითადად გერმანიასა და ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხებს ეძღვნება.

 

სტატია სახელწოდებით „Europas Automobilhersteller werden Teil der Verteidigungsindustrie“ („ევროპის ავტომწარმოებლები თავდაცვის ინდუსტრიის ნაწილად იქცევიან“) მიმოიხილავს ევროპის ავტომწარმოებლების მზარდ ჩართულობას თავდაცვის სექტორში, ევროპაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე. ავტორები აანალიზებენ, თუ როგორ ქმნის უკრაინაში მიმდინარე ომი, თავდაცვის ხარჯების ზრდა, ჩინელი მწარმოებლების მხრიდან გაძლიერებული კონკურენცია, აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკის ცვლილებები და ავტოინდუსტრიაში არასრულად გამოყენებული საწარმოო სიმძლავრეები ავტომწარმოებლებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს.

 

სტატიაში განხილულია ასეთი თანამშრომლობის უკვე არსებული მაგალითები, რომლებიც ეხება მსხვილ ევროპულ ავტომწარმოებლებს. ავტორების შეფასებით, ევროპული ავტოინდუსტრიისთვის თავდაცვის პროდუქციის წარმოებაზე ფართომასშტაბიანი გადასვლის ნაცვლად, უფრო რეალისტური სცენარია ავტომწარმოებლების შერჩევითი ინტეგრაცია თავდაცვის ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. მათმა გამოცდილებამ მასშტაბური წარმოების, ხარისხის კონტროლის, მიწოდების ჯაჭვების მართვისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციია მიმართულებით შეიძლება ეფექტიანად შეავსოს სპეციალიზებული თავდაცვის კომპანიების შესაძლებლობები.

 

სტატიის თანაავტორია პროფესორი ბოდო შტურმი ლაიფციგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (HTWK Leipzig), გერმანია.

 

სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.