საჯარო ლექცია თემაზე: „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა - საქართველოს და ნიდერლანდების გამოცდილება“

19 ნოემბერი 2026

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, გაიმართა ქართულ-ნიდერლანდური ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე: „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა - საქართველოს და ნიდერლანდების გამოცდილება“.

 

ქართველ მოსამართლესთან, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ლევან დარბაიძესთან ერთად, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა  ამსტერდამის რაიონული სასამართლოს არასრულწლოვნების საქმეთა უფროსმა მოსამართლემ - რეინ ოდინკმა. ლექციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ბავშვზე მორგებული გარემოს მნიშვნელობაზე, მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილი ბავშვების უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას.

 

მოსამართლე რეინ ოდინკმა სტუდენტებს გააცნო ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, ისაუბრა საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში ბავშვის მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებების თავისებურებებზე, მოსამართლის როლზე ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის დანიშვნისას ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე. ლექციის შემდეგ სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვების ირგვლივ გაიმართა დისკუსია, სადაც ამსტერდამის სასამართლოს მოსამართლემ რეალურ საქმეებზე დაყრდნობით ისაუბრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის ევროპულ სტანდარტებზე.

 

 მოსამართლე  რეინ ოდინკის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და პროფესორ ლევან დარბაიძესთან. შეხვედრისას მოსამართლეს გააცნეს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ძირითადი მიმართულებები, საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება და სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარების პრაქტიკა.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ნიდერლანდებში მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტების ორგანიზების შესაძლებლობას. მხარეებმა განიხილეს ისეთი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების პერსპექტივები, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უშუალოდ გაეცნონ ნიდერლანდების მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებას, დაესწრონ სასამართლო პროცესებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა.

 

ვიზიტის ფარგლებში მოსამართლე რეინ ოდინკმა ასევე დაათვალიერა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნო უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურას, პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და სტუდენტებისთვის შექმნილ საგანმანათლებლო გარემოს.