მრგვალი მაგიდის დისკუსია: „ევროკავშირის კანონმდებლობის (acquis) ტრანსპოზიციის პროცესი (2022-2024) და ჰარმონიზაციის საზოგადოებრივი სიკეთეები“

17 თებერვალი 2025

15 თებერვალს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომლის თემა იყო: „ევროკავშირის  კანონმდებლობის (acquis) ტრანსპოზიციის პროცესი (2022-2024) და ჰარმონიზაციის  საზოგადოებრივი სიკეთეები.“

 

CoE EUPOLTRANS-ის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიებს სხვადასხვა პერსპექტივიდან რათა სინერგიულად შეფასდეს რა კეთდება, სად არის დანაკლისი და რა მიმართულებებია აქტუალური ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების თვალსაზრისით.  პოლიტიკის დისკუსიის მიმდინარე შეხვედრის მიზანი იყო ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან არსებული მდგომარეობის განხილვა. პროექტის გუნდმა წარმოადგინა მოხსენებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების, საჯარო ადმინისტრირებისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე შრომის, გარემოს დაცვის, მომხმარებელთა უფლებების და კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, ასოცირების შეთახნმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და ასევე საბჭოსა და კომისიის ბოლოდროინდელი მოხსენებების კონტექსტში.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. კერძოდ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წარმომადგენლები და ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ბიზნესის მიმართულების ლექტორები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს წამყვანი ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსიის მიზანი იყო ევროკავშირის თემებით დაინტერესებული ბიზნეს წრეებისთვის ერთის მხრივ კვლევაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება  ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, და მეორეს მხრივ, მათი მოსაზრებებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ამ მნიშვნელოვან საკითხებზე სინერგიული და მრავალმხრივი სამომავლო კვლევითი მიმართულებების ფორმირებისთვის.    ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შესახებ ცოცხალი დისკუსიები აკადემიასა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს შორის ხელს უწყობს სხვადასხვა პერსპექტივათა სინერგიით საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების და ამ საზოგადოებრივი სიკეთეების მნიშვნელობის შესახებ  ცნობიერების ამაღლებას, ისევე როგორც შეუსრულებელი ვალდებულებების უარყოფით შედეგებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.