სტუდენტური პროგრამა მწვანე ეკონომიკის სკოლა

26 ივლისი 2019

23 ივლისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის - მწვანე ეკონომიკის სკოლის - საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.

 

მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მხარდასაჭერად, CENN-თან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, კავკასიის უნივერსიტეტმა და სხვა პარტნიორმა უნივერსიტეტებმა მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი იოსებ ბერიკაშვილი.

 

მემორანდუმის მიზანია, მხარი დაუჭიროს საჯარო, სამოქალაქო და კერძო თანამშრომლობის შექმნას – ინდივიდუალური და ერთობლივი შესაძლებლობების გამოსავლენად, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევისა და სტაჟირების საუნივერსიტეტო პროგრამას – „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ – და მასში მონაწილე სტუდენტებს, რათა მათ განავითარონ მდგრადი ტყითსარგებლობის ბიზნესმოდელები, რომელიც დაეყრდნობა ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს, მოერგება ადგილობრივ შესაძლებლობებს და უპასუხებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.

 

პროგრამის გახსნაზე შეკრებილ სტუდენტებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა მიმართა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებზე მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში.

 

პროგრამაში მონაწილეობს კონკურსის წესით შერჩეული კავკასიის უნივერსიტეტის 6 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და განაწილდებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად.

 

„მწვანე ეკონომიკის სკოლის“ პროგრამის ორგანიზატორია CENN, გარემოსდაცვთი არასამთავრობო ორგანიზაცია - მწვანე ეკონომიკის ელჩი სამხრეთ კავკასიაში. ინიციატივა ხორციელდება პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.