ერასმუს+ ჟან მონეს კათედრამ „ევროპის კავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ (Jean Monnet Chair: 101175522 — EU-PPS) 2025 წლის, 2 აპრილს, მესამედ უმასპინძლა საკვირაო სკოლას „თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს ევროპეიზაცია“.
საკვირაო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა ოცზე მეტი მასწავლებელი როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან, მათ შორის დევნილთა და ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონების სკოლებიდან. მასწავლებლებს მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი.
საკვირაო სკოლის მუშაობას უძღვებოდა კათედრის პროფესორი გურანდა ჭელიძე. იგი შეეხო საკითხებს ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის გაფართოების სპეციფიკის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და საერთაშორისო პროცესებზე მისი გავლენის შესახებ; საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოების 2023 და 2024 პაკეტებს, დღეს საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. სპიკერმა ასევე წინა პლანზე წამოწია ის მიღწევები და უპირატესობები, რომლებიც გააჩნია ევროპის კავშირს მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. შეხვედრა ჩატარდა საკვირაო სკოლისათვის შემუშავებული მოდულისა და დღის წესრიგის შესაბამისად. მასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. დაისახა საინტერესო სამომავლო გეგმები თანამშრომლობის შესახებ.