სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე

26 ნოემბერი 2024

22 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით, გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეოთხე ნაკადი/Batch 4), რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა წარადგინეს საკუთარი იდეების პრეზენტაცია ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.

 

10 თემატური სესიის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე შვიდმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ თუ საერთაშორისო მენტორებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 

პროგრამის მენტორებთან ერთად, მეოთხე ნაკადის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები.

 

დემო დღეს ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი სვანიძე უძღვებოდა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  (GITA) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე ნაფეტვარიძემ,  კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის დარგში, ირენა მელუამ და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა, ბობ სმიტმა.

 

დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები:

 

  • Rez - პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებს რეზერვაციების მართვაში და ანალიტიკური მონაცემების მიღებაში, რაც ზრდის ეფექტურობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას;
  • Heri - პლატფორმა ყველა კატეგორიის მძღოლისათვის, რომელიც ამარტივებს ბილეთების დაჯავშნის პროცესსს და აკავშირებს მძღოლებს ქალაქგარეთ მიმავალ მგზავრებთან;
  • PitchPals - პლატფორმა ეხმარება სპორტის მოყვარულებს მოიძიონ ტურნირები/მოთამაშეები და მონაწილეობა მიიღონ შერჩეულ მატჩებში, მათთვის სასურველ მოედანზე;
  • Beezy - ჰორეკა სექტორისთვის ციფრული მენიუს, თიფის, გადახდის, ლოიალობის პროგრამებისა და ჯავშნების სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აუმჯობესებს საოპერაციო პროცესს და მომხმარებლის გამოცდილებას;
  • IMAGINE - XR ტექნოლოგიის ინტეგრირებით, პლატფორმა მომხმარებელს რეალურ დროში ვიზუალიზაციის და ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რომელიც სრულიად გარდაქმნის ინტერიერის დიზაინის პროცესს;
  • CulTourist - პლატფორმა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაჯავშნონ სრულყოფილი, ადგილობრივი გიდების მიერ ორგანიზებული ტურები, რომელიც მოსახლეობას და სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას;
  • IDM - პლატფორმა ზრდის მერჩენდაიზინგის ეფექტურობას დასაქმებულების ოპტიმიზირებული მენეჯმენტის, მონაცემთა ზუსტი დამუშავების, მოწინავე ანალიტიკისა და მდებარეობაზე დაფუძნებული სურათების მეშვეობით.

 

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრებმა - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - სალომე ნაფეტვარიძემ,   ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტმა - ბობ სმიტმა, Oto Motors - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანტრეპრენერმა, CU - ს კურსდამთავრებულმა - ილია ხურცილავამ და  Phubber App - ის თანადამფუძნებელმა-  გიორგი ჩუგოშვილმა გამოავლინეს გამარჯვებულები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტმა და ღონისძიების მხარდამჭერებმა პრიზები გადასცეს.

 

  • გამარჯვებულ სტარტაპ Beezy- ის კავკასიის უნივერსიტეტის და ღონისძიების მხარდამჭერის თიბისი სტარტაპერისგან ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა.
  • II ადგილზე გასულ სტარტაპ - Heri - ის კავკასიის უნივერსიტეტის და ღონისძიების მხარდამჭერის თიბისი სტარტაპერისგან ფულადი ჯილდო, 2000 ლარი გადაეცა.

 

პროგრამის მონაწილე გუნდი CulTourist , კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის რჩეული სტარტაპი გახდა და პრიზის სახით, 1000 ლარი გადაეცა.

 

ასევე, პროგრამის მხარდამჭერმა Axel-მა რჩეული სტარტაპები- Beezy და IDM გამოავლინა,   რომლებსაც სპეციალური პრიზის სახით  Axel - ის წევრი ანგელოზი ინვესტორების წინაშე საკუთარი სტარტაპის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ.

 

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: თიბისი სტარტაპერი, Axel, FC Team, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი,  US Market Access Center-ი (USMAC), ეფესი, Sandora, Coca-Cola, MTIS.