26–30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი და საერთაშორისო აკრედიტაციის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა გრძელიძე და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი დავით წიკლაური, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ მადრიდში, დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტში (UNED), სადაც მონაწილეობა მიიღეს პროექტ PRODIGE-ის ("მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში") ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში.
შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ციფრული უმაღლესი განათლების კუთხით არსებული ევროპული პრაქტიკის გაცნობა და საქართველოში აღნიშნული მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე კონსულტაციების გამართვა. კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ციფრული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პოტენციალის განმტკიცება და ციფრული განათლების პოლიტიკური რეფორმების ხელშეწყობა.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სტრატეგიული მიდგომის განსაზღვრისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
პროექტი PRODIGE, რომელიც ხორციელდება Erasmus+ პროექტის ფარგლებში ევროპული ინსტიტუციებისა და კონსორციუმის ჩართულობით და 10 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს, მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უმაღლესი განათლების სტანდარტების ამაღლებას, შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფასა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერას განათლების გაციფრულების მიმართულებით.