შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - ფარგლებში

14 ივლისი 2022

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, პროექტის - „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ - ფარგლებში, პარტნიორ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი გულისხმობს საქართველოში ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფ-მზარეულების მიერ მოქმედი მზარეულებისთვის ტრენინგების ჩატარებას, რომელიც  11-დან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.

 

აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის "გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია ბაზარი ორბელიანზე არსებული გასტრო სკოლა.

 

შეხვედრის მიზანი იყო მხარეებს შორის პროექტის მიმდინარე აქტივობების და საბოლოო ეტაპების განხილვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი  ბუბა ლეჟავა, ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი იდოია კალეხა, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დირექტორი - თამრიკო სიხარულიძე, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი - თამთა ბუთხუზი, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ირენა მელუა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი - აკაკი კაპანაძე.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტს ბასკეთის კულინარიის ცენტრთან აქვს  სტრატეგიული ურთიერთთანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს, კახეთში, კერძოდ გურჯაანში, კავკასიის გასტრონომიის აკადემია გაიხსნება.