24 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა პენსილვანიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორს რუდრა სილის და ნევადის უნივერსიტეტის (რინო) პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორს ალისონ ევანსის.
ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის და მრგვალი მაგიდა სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
საჯარო ლექცია კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ გახსნა, ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელიც მიეძღვნა აშშ-ს შუალედურ არჩევნებსა და შედეგების შესაძლო გავლენას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. მომხსენებლებმა განიხილეს, როგორ შეიძლება აისახოს კონგრესში ძალთა ბალანსი თეთრი სახლის ადმინისტრაციის საკანონმდებლო დღის წესრიგზე, საბიუჯეტო გადაწყვეტილებებზე, აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობასა და საგარეო პოლიტიკაზე. პანელური დისკუსიის შემდეგ ლექცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდასთან ამერიკელმა პროფესორებმა და კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიურმა პერსონალმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, აშშ-ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველო-აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა.
მხარეებმა იმსჯელეს სამომავალო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ერთობლივი კვლევების, გაცვლითი პროგრამების და აკადემიური ღონისძიებების მიმართულებით.
