10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა რენის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ქეროლაინ ჟუანენს (Caroline Jouanin), პოლინ კოჟან (Pauline Cojean) და ასევე, საქართველოში კამპუს ფრანსის ხელმძღვანელს, ნათია მსხალაძეს, უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან - ელენე ჯღარკავასთან, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან - თათია მაისურაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან - ქეთევან კარბაიასთან. მხარეებმა არსებულ თანამშრომლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
რენისა და კამპუსს ფრანსის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პირველი და მეორე მიღების სტუდენტებთან. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სტუდენტური სერვისების, საფრანგეთში ცხოვრების, სტაჟირებისა, სასწავლო პროცესის და საფრანგეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული სავიზო პროცედურების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის ერთობლივი აკადემიური ხარისხი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან. პროგრამა 2022 წლიდან წარმატებით ხორციელდება.
რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.