ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრება

24 თებერვალი 2019

24 თებერვალს, ტექნოპარკში გაიმართა ბიზნეს ქეისების შეჯიბრება, რომელიც ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებდა. შეჯიბრებაში კავკასიის ბიზნესის სკოლა II ადგილზე გავიდა. საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივით, კავკასიის უნივრსიტეტისა და ოთხი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით განხროციელებული პროექტის ფარგლებში, სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ქეისი - Walmart Vs. Amazon. მონაწილეებს ორი კვირა ჰქონდათ იმისთვის, რომ ვოლმარტის წინაშე არსებული პრობლემები გადაეწყვიტათ და ამაზონისათვის კონკურენციის გაწევის გეგმა შეედგინათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის (CU), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (IBSU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა ტექნოპარკში სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგინეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილითა და ლიდერი კომპანიების (Deloitte, KPMG, Marketer.ge) ხელმძღვანელი პირებით იყო დაკომპლექტებული. რეალური კომპანიის/ბიზნეს გარემოს სიმულაციისას, ჟიურის წევრებს მორგებული ჰქონდათ კომპანია ვოლმარტის უმაღლესი რგოლის მენეჯერების როლი და შეაფასეს სტუდენტები.

 

გამარჯვებულები პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდნენ, საგანგებოდ შემქნილი საპრიზო ფონდიდან მსხვილი ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ და ბიზნეს სექტორის წამყვან პირებთან საქმიანი სადილის და სამუშაო დღის გატარების (ე.წ. „shadowing”) შესაძლებლობა მიეცათ. ჯილდო ყველაზე გამორჩეულმა გულშემატკივრთა გუნდმაც მიიღო.

 

ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა, ბიზნეს ასოციაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ, ღონისძიების დასაწყისში კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა,  შეჯიბრებას უძღვებოდა გიორგი ისაკაძე.

 

ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.