უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამა გადავიდა 1+1 მოდელზე, რომელიც ამოქმედდება 2026–2027 აკადემიური წლიდან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
ორი ალტერნატივა:
- სრული განაკვეთი: 1 წელი
- მოქნილი განაკვეთი: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული.
მისანიჭებელი ხარისხი: განათლების პოლიტიკის მაგისტრი.
პროგრამის აღწერა:
განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ორი ნაწილისაგან ნაწილისაგან. პროგრამის მისია მაღალკვალიფიციური განათლების პოლიტიკის სპეციალისტების მომზადებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სისტემის ყველა დონეზე და სექტორში ხარისხიანი პოლიტიკის შემუშავებას და ქვეყნის განვითარებას ადგილობრივი თუ გლობალური გამოწვევებისა და ტენდენციების გათვალისწინებით.
განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია:
- განათლების პოლიტიკის არსისა და მნიშვნელობის გააზრება – სტუდენტებისთვის განათლების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების, ისტორიული განვითარების და კონტექსტუალური მნიშვნელობის საფუძვლიანი გაცნობა.
- განათლების პოლიტიკის ანალიზი და კრიტიკული შეფასება – სტუდენტებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების სწავლება, რაც მათ საშუალებას მისცემს, კრიტიკულად შეაფასონ განათლების პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები და განსაზღვრონ სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები.
- პოლიტიკის შემუშავება და ეფექტური კომუნიკაცია – სტუდენტების უნარების განვითარება, რათა მათ შეძლონ განათლების პოლიტიკის საკითხების მკაფიო ფორმულირება, კომუნიკაცია და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
პროგრამის ძლიერი მხარეები:
- ქვეყანაში პირველი სამაგისტრო პროგრამა განათლების პოლიტიკის მიმართულებით, რომელიც ფოკუსირებულია განათლების პოლიტიკის არსისა და მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებაზე. პროგრამა აქცენტს აკეთებს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაზე როგორებიცაა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზი, გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის ეფექტური გზების შემუშავება, სფეროს განვითარებისთვის საჭირო ინოვაციური მიდგომების დანერგვა და მათი ადვოკატირება;
- ინოვაციური და ამავდროულად ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული პროგრამა რომლის მართვასა და განხორციელებაში ჩართულია თეორიული, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრები;
- პარტნიორი ორგანიზაციების მზარდი ქსელი, რომელშიც შედის როგორც სკოლამდელი, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები, ასევე განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.
დასაქმების სფეროები
განათლების პოლიტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის კურსდამთავრებულს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, განათლებისა და საჯარო პოლიტიკის დაგეგმვაზე, განხორციელებასა და შეფასებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განათლების მიმართულებით მომუშავე კერძო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
