„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

28 მაისი 2021

26 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მკვლევარები სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და უზბეკეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან. კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის კოორდინატორმა, გურანდა ჭელიძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: საქართველოში ევროპული ასოცირების პროცესების სწავლების შესახებ - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ მაგალითზე.

მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და მისი შედეგები, 4 ენაზე გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.

 

მომხსენებელმა ისაუბრა სკოლებში ევროპული სწავლების გაღრმავების, სახელმძღვანელოს სასწავლო პროცესში იმპლემენტაციის საჭიროების შესახებ, ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით არსებულ სირთულეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებას, სკოლებს, უნივერსიტეტებსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უფრო ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობას, ევროინტეგრაციისა და ევროპული ასოცირების შესახებ სწავლებაში არაფორმალური განათლების   კომპონენტის აქტიურად გამოყნების საჭიროებას. კონფერენციაში მონაწილე სტუმრებმა მეზობელი ქვეყნებიდან, გამოთქვეს მზაობა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების თაობაზე.