კურსს ბრიტანელი მედია ტრენერი მარკ მერედიტი უძღვებოდა. საგანი მეოთხე კურსის სტუდენტების იმ ნაწილმა აირჩია, რომელიც სამომავლოდ ეკონომიკური, ფინანსური და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით გეგმავს. ეს მედიის სკოლაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორების მოწვევის ერთ–ერთი პირველი მცდელობაა, რასაც სკოლა ამიერიდან ყოველწლიურად გეგმავს.
მარკ მერედიტი სხვადასხვა დროს წამყვანი ბრიტანული მედია საშუალებებისთვის მუშაობდა. მათ შორის არის: „Reuters" „Financial Times", „Daily Telegraph", „Herald", „Focus", BBC. პროექტის განხორციელებაში კავკასიის მედიის სკოლას დახმარება ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ" აღმოუჩინა.
„საქართველოში ხვალინდელი დღის ჟურნალისტიკის ერთ–ერთი ამოცანა ეკონომიკური და ბიზნეს ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხების სწორად და დამოუკიდებლად გაშუქებაა. კავკასიის მედიის სკოლაში მე ამ თემის სიღმისეულად შესასწავლად სტუდენტების განსაკუთრებული მზაობა ვიგრძენი. მათ ჩემი კურსის ფარგლებში საუკეთესო უნარ–ჩვევები გამოავლინეს," – მარკ მერედიტი.
„ინტერაქტიული სემინარები, რთული საკითხების ძალიან გასაგებად გადმოცემა, მაგალითები პრაქტიკიდან – ეს მერედიტის ლექციების ძირითადი შთაბეჭდილებებია," – ნათია მატარაძე, სტუდენტი.
„კურსის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მარკის დახმარებით მუდმივად ვეცნობოდით მსოფლიო ეკონომიკურ და ბიზნეს სიახლეებს. ამ სფეროში მუშაობის დიდი სურვილი გამიჩნდა," – ნინო კვირკვია, სტუდენტი.
„ეს კურსი ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის შესახებ საზოგადოებისთვის გასაგებად ვწეროთ," – სოფო მაისურაძე, სტუდენტი.
ბრიტანელი მედია ტრენერის კურსი კავკასიის მედიის სკოლაში
11 იანვარი