22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში კავკასიის მედიის სკოლის ადმინისტრაციასა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის შეხვედრა გაიმართა. CSM-ის დეკანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მოწვეულ სტუმრებს მათ მიერ გავლილი პროგრამის ის ახალი ელემენტები წარმოუდგინა, რომლითაც სტუდენტებმა 2019 წლიდან უნდა ისწავლონ. კურსდამთავრებულებმა პროგრამის კომპონენტებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. იყო კონკრეტული რჩევებიც, განსაკუთრებით არატრადიციული მედიის სიღრმისეულად შესწავლისა და მისი სხვადასხვა ფორმატის მართვის პრაქტიკული უნარების განვითარების მიმართულებით. როგორც CSM-ის დეკანმა აღნიშნა, კურსდამთავრებულების რჩევები და რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პროგრამის განვითარების პროცესში.
კავკასიის მედიის სკოლას ამ მომენტისთვის უკვე ჰყავს 7 გამოშვება. მისი კურსდამთავრებულები მუშაობენ სხვადასხვა მედიასაშუალებაში; საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის საზოგადოებასთან ურთიერთოებების სამსახურებში; მარკეტინგულ და სარეკლამო კომპანიებში და შემდეგი თაობების სტუდენტებს აქტიურად რთავენ სტაჟირებებისა და დასაქმების პროგრამებში.
CSM-ის მიერ მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავკასიის მედიის სკოლის 94%-მდე კურსდამთავრებული დასაქმებულია. მათ შორის, 60% პროფესიით, 34% - მედიისა და კომუნიკაციების სფეროს მომიჯნავე სექტორებში.